კობა კობალაძე პრემიერ-მინისტრთან ერთად აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან  ირაკლი ღარიბაშვილთან და  მთავრობის წევრებთან ერთად აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული,1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 20 იდენტიფიცირებული პირის, მათ შორის 14 მებრძოლის და 6 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტები გადმოასვენეს.

დღესვე, იდენტიფიცირებული პირებიდან 5 მებრძოლის ნეშტი, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, 15 კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე.

2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი_ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე – 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში წარმოებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, სულ მოძიებულია 601 ნეშტი, რომელთაგან 263 ოჯახებს უკვე გადაეცათ. დღეისათვის, 2029 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.