გოგიტა კიკნაძის სახელობის სკოლაში ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

Posted by nona shamatava

აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის, გოგიტა კიკნაძის სახელობის, თბილისის 182-ე საჯარო სკოლაში, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ მაიორი კობა კობალაძე დაესწრო. 

სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა,  გოგიტა კიკნაძე და მასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში  დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს და მათი ხსოვნის პატივსაცემად, პატრიოტული სულისკვეთებით სავსე ლექსები და სიმღერები წარმოადგინეს.  

“მადლობა მინდა გადავუხადო, 182 სკოლის დირექციას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, რომლებმაც დაუვიწყარი დღე და საღამო გვაჩუქეს. ღონისძიება ვეტერანის დღისადმი იყო მიძღვნილი, გოგიტა კიკნაძის ხსოვნისადმი. სასწაული იყო დღეს, ამ ჩვენი შვილების, პატარების შემართება. გაახაროთ და გააძლიეროთ ღმერთმა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, “- განაცხადა  კობა კობალაძემ.

სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ეკა თაბუაშვილმა, მადლობა გადაუხადა კობა კობალაძეს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებს სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ მათი სკოლისთვის და ბავშვებისთვის საამაყოა საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებთან შეხვედრა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ, გოგიტა კიკნაძის დედა, ელენე კიკნაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი სპეციალისტი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ზაირა მიქატაძე და მოსწავლეების მშობლები. 

მოგვიანებით, კობა კობალაძემ ელენე კიკნაძესთან, ეკა თაბუაშვილთან და თანამშრომლებთან ერთად, ვარკეთილის რაიონში, გოგიტა კიკნაძის სახელობის სკვერი მოინახულა.

გოგიტა კიკნაძე 1992 წლის 2 ოქტომბერს, თანამებრძოლებთან ერთად, საბრძოლო მანქანით გაგრისკენ მიემართებოდა, როდესაც მოწინააღმდეგის მიერ ნასროლი ჭურვი, მათ მანქანას მოხვდა. დაჭრილი მებრძოლები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს, თუმცა, საუბედუროდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც, მტრის მიერ ნასროლი ჭურვით აფეთქდა. მას შემდეგ, გოგიტა კიკნაძე, რომელიც მხოლოდ 17 წლის იყო, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. თბილისის 182-ე საჯარო სკოლას, ამავე სკოლის კურსდამთავრებულის და აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული გოგიტა კიკნაძის სახელი, 2015 წელს მიენიჭა.

გოგიტა კიკნაძე, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, სიკვდილის შემდეგ.