კობა კობალაძე თურქეთის საელჩოში თურქეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას დაესწრო
მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური მიწვევით, თურქეთის საელჩოში გამართულ თურქეთის გამარჯვების 101-ე წლისთავთან და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო მიღებას დაესწრო. მან, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი კაან ორბაის და სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ბურაკ ალთინერს თურქეთის ეროვნული დღესასწაული მიულოცა და თურქ ხალხს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, წარმატება და წინსვლა უსურვა.
‘’გამოვხატავ ჩემს პატივისცემას თქვენი და თურქი ხალხის მიმართ, გისურვებთ წარმატებას და წინსვლას. გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი საერთო მისწრაფებები კიდევ უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის მეგობრობას და თანამშრომლობას,’’- აღნიშნა კობა კობალაძემ.
თურქეთის გამარჯვებისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღე, ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია; მისი დაარსება უკავშირდება 1922 წლის 30 აგვისტოს, მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით, თურქეთის არმიის მიერ ანატოლიის ტერიტორიიდან, უცხო ქვეყნის შენაერთების საბოლოოდ განდევნას, რასაც თურქეთის რესპუბლიკის დაარსება მოჰყვა.
30 აგვისტო, თურქეთის ეროვნულ დღესასწაულად, 1935 წელს გამოცხადდა.