კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული ზაქარია შუბითიძის ხსოვნას პატივი მიაგო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ამირიძემ, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კავშირში, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის, ზაქარია შუბითიძის ოჯახს მიუსამძიმრეს და ბრძოლის ველზე დაცემული თანამემამულის ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მებრძოლი, 30 წლის ზაქარია შუბითიძე, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, 2022 წლის თებერვალში, ქვეყანაში, რუსეთის არმიის შეჭრისთანავე წავიდა; იგი დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოესთან იბრძოდა, სადაც პოზიციური ბრძოლები დიდი ხანია, გრძელდება. პოზიციები, სადაც ‘’ქართული ლეგიონის’’ მებრძოლი, ზაქრო შუბითიძე სხვა მეომრებთან ერთად იმყოფებოდა, 18 სექტემბერს, ოკუპანტების მასობრივი საარტილერიო იერიშის სამიზნე გახდა; ის მძიმედ დაიჭრა და თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ზაქარია შუბითიძე, დღეს, 28 სექტემბერს, მშობლიურ სოფელში, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში, რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
შეგახსენებთ, ზაქრო შუბითიძე რიგით 54-ე ქართველია, რომელიც უკრაინის მიწაზე, რუსეთის საოკუპაციო ჯარებთან ბრძოლაში დაეცა. რუსეთის არმიის უკრაინაში პირველი შეჭრის დროს (2014-2022) უკრაინის დროშის ქვეშ – 12 ქართველი მეომარი დაიღუპა. 2022 წლის მარტიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით კი, რუსეთთან ფართომასშტაბიან ომს, 54 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.