ქანდის სკოლაში ალექსანდრე ვაჩეიშვილის მემორიალური კუთხე მოეწყო
მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირის “სამშობლოს” თავმჯდომარის, ლევან ჩიჩუას ორგანიზებითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლაში, სკოლის დირექტორის, ნანა ნაკანის განსაკუთრებული მხარდაჭერით აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის, ალექსანდრე (სანდრო) ვაჩეიშვილის მემორიალური კუთხე მოეწყო. ალექსანდრე ვაჩეიშვილი მოხალისედ წავიდა ჯერ სამაჩაბლოს, შემდეგ კი,აფხაზეთის ომში, სადაც 1992 წლის 15 აგვისტოს დაიღუპა დაბა განთიადში მოწინააღმდეგის პირველი საბრძოლო დესანტის გადმოსხმის დროს. მას დამთავრებული ჰქონდა თბილისის სამხატვრო აკადემია და ომამდე სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლაში ხატვის მასწავლებლად მუშაობდა. ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს სამშობლოს ერთიანობას შეწირული მებრძოლის ღვაწლი და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. სოფელ ძველი ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგიმ, ალექსანდრე ვაჩეიშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდიც გადაიხადა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ თოფურია, საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ირაკლი ჭითანავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მოადგილეებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები.