საქველმოქმედო გამოფენა – “მხატვრები ვეტერანების დასახმარებლად” გაიხსნა
ა(ა)იპ “ღირსეული თანადგომა ომის ვეტერანების” (დამფუძნებელი, შშმ ომის ვეტერანი თეიმურაზ ელისაშვილი) ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, მიმდინარე წლის 31 იანვარს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (გუდიაშვილის ქუჩა N 7) გაიხსნა ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა.
გამოფენაზე წარმოდგენილია XIX და XX საუკუნის, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მხატვრების, მათ შორის ლადო გუდიაშვილის და ავთო ვარაზის ნამუშევრები.
აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო გამოფენიდან შემოსული თანხის ნაწილი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შეჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებს მოხმარდება. გამოფენა 12 თებერვლამდე გაგრძელდება.
გამოფენის გახსნას დაესწრო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე უწყების წარმომადგენლებთან ერთად.
“პირველ რიგში მინდა, მადლობა
ვუთხრა ქალბატონ მარინა გურგენიძეს, რომელმაც მოაწყო ეს გამოფენა და ეს არ არის პირველი გამოფენა, შარშანაც იყო ანალოგიური. ქალბატონი მარინა არის ვეტერანის მეუღლე, ქველმოქმედი. წინა
გამოფენიდან შემოსული თანხა დარიგდა შეჭირვებული ვეტერანების ოჯახებში და ახლაც ვგეგმავთ.. კარგი იქნება თუ მეტი ხელშეწყობა ექნება და ეს გამოფენა გაკეთდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. უფრო მეტად გაეცნობა ჩვენი ხალხი ქართველი მხატვრების შემოქმედებას. მე ვთვლი რომ ეს კარგი საქმეა.”- აღნიშნა ვლადიმერ იმნაძემ.
ანალოგიური პროექტი “მხატვრები ვეტერანების დასახმარებლად” პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გასულ წელსაც განხორციელდა და აქციიდან შემოსული თანხა რამდენიმე მრავალშვილიანი და შეჭირვებული ვეტერანის ოჯახს მოხმარდა.