მემორანდუმი უკრაინის ვეტერანების საქმეთა სამინისტროსთან
უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში, უკრაინის ვეტერანების საქმეთა მინისტრთან, გენერალ-მაიორ იულია ლაპუტინასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს – პარტნიორულ ურთიერთობებზე, უკრაინასა და საქართველოს შორის ვეტერანთა საერთაშორისო და ეროვნული რეინტეგრაციის პრაქტიკის გაცვლაზე, ისეთი ერთობლივი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ვეტერანთა საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათი სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, სახელმწიფოს აღმშენებლობისა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში ვეტერანთა გამოცდილებისა და ინტელექტუალური პოტენციალის უფრო ეფექტიან გამოყენებას. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა უკრაინის ვეტერანების საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროინტეგრაციის საკითხებში, ალექსი ილიაშენკო.
შეხვედრის შემდეგ, პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, უკრაინის ვეტერანების საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
” ვეტერანთა რეინტეგრაციის ხელშესაწყობად პროექტების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ძალისხმევათა გაერთიანება ძალზედ მნიშვნელოვანია. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს ქართველ პარტნიორებს და ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და სამშობლოს დაღუპულ დამცველთა ოჯახების თანადგომისა და დაცვის საქმეში მათთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გვაქვს”,-აღნიშნა იულია ლაპუტინამ.
მემორანდუმს, ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და უკრაინის ვეტერანების საქმეების მინისტრმა, იულია ლაპუტინამ მოაწერეს.
მემორანდუმი ძალაში შედის ორივე მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში, ვეტერანების საქმეთა სამინისტროს შექმნასა და სტრუქტურულ ჩამოყალიბებაში, უკრაინულმა მხარემ, ამერიკის შეერთებული შტატების რეკომენდაციით, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გამოცდილება გაიზიარა, რის გამოც, სამსახურის წარმომადგენლობითი დელეგაცია რამდენიმეჯერ იმყოფებოდა უკრაინაში; ამავე მიზნით, საქართველოს, 2019 წელს, უკრაინის ვეტერანების საქმეთა მინისტრიც სტუმრობდა.
კობა კობალაძე, უკრაინაში, უკრაინის ვეტერანების საქმეთა მინისტრის, იულია ლაპუტინას ოფიციალური მიწვევით იმყოფება. სამსახურის დირექტორი უკრაინის ვეტერანთა IV საერთაშორისო ფორუმს “უკრაინა არის იქ, სადაც ვართ ჩვენ“დაესწრო, რომელიც, წელს, უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავს მიეძღვნა.