დღეს ქართული სამხედრო ავიაციის დღეა
ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა. 1921 წლის თებერვალში, ქართველი სამხედრო მფრინავები, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ, აქტიურად იბრძოდნენ, რა დროსაც, თბილისთან, მოწინააღმდეგეზე რამდენიმე წარმატებული იერიში განახორციელეს.
1992 წლის 19 სექტემბერს, ქართული საავიაციო ქვედანაყოფი აღიჭურვა ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს.
1992-1993 წლებში, საქართველოს სამხედრო ავიაცია აქტიურად ჩაერთო აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში, რა დროსაც, ქართულმა სუ- 25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებმა 217, ხოლო შვეულმფრენებმა 360 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს.
ქართული სამხედრო ავიაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში აქტიურად მონაწილეობდა, სადაც ქართულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა და შვეულმფრენებმა, მოწინააღმდეგის ქვეით და ჯავშანსატანკო ქვედანაყოფებზე არა ერთი წარმატებული იერიში მიიტანეს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დიდია ქართველი მფრინავების ღვაწლი. სამშობლოს ერთიანობას გმირულად შეეწირა ზურაბ იარაჯული, რომელსაც 2013 წლის 19 სექტემბერს, ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სამხედრო-საჰაერო ძალების დღეს ულოცავს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე და ვეტერან მფრინავებს და უსურვებს დღეგრძელობას, კეთილდღეობას და ერთიან, ძლიერ საქართველოს!