ომის ვეტერანი იოსებ ტუხაშვილი 100 წლის გახდა
დღეს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, იოსებ ტუხაშვილს, 100 წელი შეუსრულდა. ვეტერანს, იუბილე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
იოსებ ტუხაშვილი, 1922 წლის 3 იანვარს, სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში დაიბადა. 18 წლისა, ფრონტზე, 1941 წლის სექტემბერში, წაიყვანეს ჯერ ორჯონიკიძეში (ახლანდელი ვლადიკავკაზი), რომელიც ცეცხლის ალში იყო გახვეული; ნოემბრიდან, უკვე, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. ‘’მთების უკან საქართველო იყო და მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევის სურვილს ეს კიდევ უფრო მიმძაფრებდაო’’,-იხსენებს იუბილარი.
ბრძოლით ჩავიდა ყირიმამდე; ორჯერ მძიმედ დაიჭრა, ერთხელ ქერჩში, მეორედ_ სევასტოპოლში, თუმცა, ფრონტის ხაზი, ერთი დღითაც არ მიუტოვებია. მსახურობდა 414-ე დივიზიაში, მონაწილეობა აქვს მიღებული ანაპის, ქერჩის, ჩრდილო კავკასიის, ყირიმისა და ყუბანის ბრძოლებში. ძალიან ბევრი სიძნელის გადალახვა მოუხდა: ‘’იყო დღეები, როცა ნატეხი პურიც კი არ გვქონდა, მაგრამ პირჯვარს ვიწერდი და ღმერთს გადარჩენას ვთხოვდი. ვიცოდი, რომ არც შიმშილის და არც ტყვიის არ უნდა შემშინებოდა, წინ უნდა მევლო, გამარჯვებისკენო’’,_ამბობს ბატონი სოსო. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს სევასტოპოლში შეხვდა, რამაც უფროს ლეიტენანტ იოსებ ტუხაშვილს, შიმშილის, თვალწინ ამოწყვეტილი ბატალიონის, სანგარში გატარებული თვეების ტკივილი გაუნელა.
პროფესიით ისტორიკოსმა, ომის შემდეგ, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება გააგრძელა. ‘’ომმა, ყველაზე უკეთ დამანახა და მასწავლა ერთგულება, მეგობრობა, მეგობრისათვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული…სიყვარული უნდა გქონდეს, შენი სამშობლო და შენი ერი უნდა გიყვარდეს და წიგნიერი, განათლებული უნდა იყო, რომ შენს ქვეყანას გამოადგეო’’,_ამბობს საუკუნეს მიღწეული ვეტერანი. ასაკის მიუხედავად, ბატონი სოსო დღესაც მხნედაა და განსაკუთრებით უყვარს ახალგაზრდები; ‘’ომი ყველაზე დიდი უბედურებაა, სიცოცხლე_ყველაზე დიდი სიხარული. იბრძოლეთ მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’,_რჩევას აძლევს მომავალ თაობას ბატონი სოსო.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ბატონ სოსოს საუკუნოვან იუბილეს, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და მხნეობას უსურვებს!