სოლიდარობა უკრაინას!
დღეს, უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრმა, გენერალ-მაიორმა, იულია ლაპუტინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, კიევის რაიონის სოფელ ბოროდიანკაში, იერიში მიიტანეს უკრაინის ვეტერანთა საქმეების სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრის შენობაზე, რაც არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის, ძალადობის აქტი, რომელიც არ დარჩება დაუსჯელი.
საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და საქართველოს ვეტერანები ვგმობთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებულ საომარ მოქმედებებს სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის, მისი მოსახლეობის წინააღმდეგ, ისევე, როგორც ყველა შენობაზე, მათ შორის, ვეტერანთა სარეაბილიტაციო ცენტრზე მათ მიერ განხორციელებულ იერიშს! კიდევ ერთხელ ვუცხადებთ ჩვენს ძმურ თანადგომასა და სოლიდარობას უკრაინელ ვეტერანებს და მთლიანად უკრაინელ ხალხს!
საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და უკრაინის ვეტერანთა საქმეების სამინისტროს შორის განსაკუთრებული მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობაა, რასაც ის ფაქტიც ამყარებს, რომ უკრაინის ვეტერანთა საქმეების სამინისტროს ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს არც თუ მოკრძალებული წვლილი მიუძღვის. ომის დაწყების წუთიდან, სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, გენერალ-მაიორ იულია ლაპუტინასთან პერმანენტულ კავშირზეა და სრულ თანადგომას და მხარდაჭერას უცხადებს.