‘’აფხაზეთის ძიუდოს აკადემიასთან’’ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მიმდინარე წლის 11 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ‘’აფხაზეთის ძიუდოს აკადემიას’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, ისეთი ერთობლივი, სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შვილების სპორტულ აქტივობებში ჩართვას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფას.
მემორანდუმის საფუძველზე, ა(ა)იპ ‘’აფხაზეთის ძიუდოს აკადემია’’, სადაც ჭიდაობა ‘’ძიუდოში’’ 5-17 წლის მოსწავლე-ახალგაზრდები ვარჯიშობენ, მზადაა, უსასყიდლოდ გაუწიოს მომსახურება ვეტერანების, სოციალურად დაუცველთა და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს, ასევე, სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ გოგონებს.
‘’აფხაზეთის ძიუდოს აკადემიამ’’, ჩვენს ქვეყანას, არა ერთი სახელოვანი სპორტსმენი აღუზარდა, რომელთა შორის არიან საქართველოს ჩემპიონები, ასევე, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები და პრიზიორები.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და ა(ა)იპ ‘’აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის’’ დირექტორმა, კობა გეგიამ.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.