ბონი ქეროლი შმაგი სოფრომაძის ოჯახს ესტუმრა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, „TAPS“-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის’’) დამფუძნებლი და პრეზიდენტი, ქალბატონ ბონი ქეროლი და „TAPS“ -ის წარმომადგენელი, ფატმა მეგრაჰი დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლის, შმაგი სოფრომაძის ოჯახს ესტუმრნენ.
ქალბატონ ბონი ქეროლს დიდი სურვილი ჰქონდა შეხვედროდა, ომში დაღუპული მებრძოლის შვილებს და მეუღლეს. მან გულითადი თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა შმაგი სოფრომაძის მეუღლეს, თეა ტაბატაძეს, შვილებს გიგი და ზაზა სოფრომაძეებს. როგორც სტუმრობის დროს ქალბატონმა ბონი ქეროლმა აღნიშნა, სოფრომაძეების ოჯახის ტკივილი მისთვის, როგორც დაღუპული სამხედროს მეუღლისთვის, ახლობელია. ის „TAPS“-ის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ომში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის, ოჯახს თანადგომას უცხადებს.
აღსანიშნავია, რომ გიგი და ზაზა სოფრომაძეები, ქალბატონმა ბონი ქეროლმა რამდენიმე წლის წინ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით ჩატარებულ ონლაინ შეხვედრაზე გაიცნო.
TAPS“-ის დამფუძნებლის და პრეზიდენტის, ქალბატონ ბონი ქეროლის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.
შეგახსენებთ, ბონი ქეროლის ვიზიტს საქართველოში მასპინძლობდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. ვიზიტის ფარგლებში, ბონი ქეროლმა შეხვედრები გამართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან. ბონი ქეროლი, კობა კობალაძესთან ერთად, წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრსაც ესტუმრა და ცენტრის მუშაობას გაეცნო. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან და ვეტერანებთან ერთად, გვირგვინით შეამკო გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი. ასევე, იმყოფებოდა წმ.სამების საპატრიაქრო ტაძრის ლავრაში, ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარში, სადაც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მეომრის, მიხეილ მაზანაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. კობა კობალაძემ სტუმრებს ასევე, დაათვალიერებინა ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრი(გერმანული კონცერნის „ოტტო ბოკი“-ის პარტნიორი საქართველოში), სადაც გაეცნო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომებში და საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ მეომრებს.
ქალბატონი ბონი ქეროლი ამერიკელი ვეტერანის, გარდაცვლილი ბრიგადის გენერლის, ტომი ქეროლის მეუღლეა. ტომი ქეროლი 1992 წელს, სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის დროს, 7 ოფიცერთან ერთად დაიღუპა. 1994 წელს, ბონი ქეროლმა, ომში დაღუპულთა ოჯახების მხარდასაჭერად, ორგანიზაცია „Tragedy Assistance Program for Survivors”( ”TAPS’) დაარსა და მათი თანადგომისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა მხარდამჭერ პროექტებსა და ღონისძიებებს, ატარებს სემინარებს.