ნიკოლოზ კვეზერელი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებას დაესწრო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, 30 ივნისს, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებას დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და ქვეყნის წინაშე დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დამსახურებაზე ისაუბრეს.
‘’ განსაკუთრებული მოწიწებით ჩემი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ჩვენს გმირ მებრძოლებს, ჩვენს დაუმარცხებელ, დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს. მე ქედს ვიხრი თქვენი გმირობის წინაშე. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მთავრობის სახელით თქვენ მიერ გაღებული სისხლისთვის, თქვენი ვაჟკაცობისთვის, თქვენი თავდაუზოგავი შემართებისთვის, თავდადებისთვის და გმირობისთვის. ჩვენი მთავრობა არის ვალში თქვენთან. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენი ვალია, ყველასი, – მთავრობის, მთელი საზოგადოების, რომ ჩვენი საქმით გამოვხატოთ თქვენ მიმართ მადლიერება,’’_აღნიშნა თავის გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სახელმწიფო სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს და მუდმივად ზრუნავს შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის გაუმჯობესებაზე. სიტყვით გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს დაჭრილი მებრძოლების მიმართ საერთაშორისო პარტნიორებისა და საზოგადოების თანადგომის მნიშვნელობა.
სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე დაჭრილ მებრძოლთა ღონისძიებების კვირეული მშვილდის სროლასა და ველორბოლაში საჩვენებელი სპორტული შეჯიბრებებით გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილია 11 ინდივიდუალური და 2 გუნდური სპორტული შეჯიბრება. დაჭრილი სამხედროები საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს გამოცდიან კალათბურთში, სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში, სროლაში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში. ღონისძიებების ფარგლებში, ღია კარის დღე გაიმართება დაჭრილი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. დაგეგმილია სამხედრო ტექნიკის გამოფენა და გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის.