“აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ – ინტეგრირებული რეგატა აფრიანი იახტებით- თბილისის ზღვის თასი 2023წ გაიმართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ზღვის კლუბში, “ახალგაზრდულმა მედია კავშირმა” “საქართველოს საკრეისერო აფროსანთა ასოციაციასთან“ ერთად, ტრადიციული, ინტეგრირებული რეგატა გამართა აფრიანი იახტებით -თბილისის ზღვის თასი 2023. სპორტის ამ ელიტურ სახეობას,ომის ვეტერანებთან და საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილ სამხედროებთან ერთად, წელს, პირველად ეზიარნენ ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალები.
7 იახტის ეკიპაჟმა 25 მონაწილეს უმასპინძლა.რეგატა მეტად დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, მონაწილეებმა სრული დისტანცია დაფარეს და ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ, თუმცა, პირველობა არავის დაუთმო და გარდამავალ თასს ერთი წლით დაეუფლა დავით ნონიაშვილი, რომლის ეკიპაჟის წევრები, სამშვიდობო მისიაში დაჭრილი ჯარისკაცები იყვნენ. რეგატას მსაჯობას უწევდა ტიტულოვანი იახტსმენი, გურამ ბიგანიშვილი. სოლიდური ფულადი პრიზები დავით ზოდელავას საქველმოქმედო ფონდმა დააწესა და პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს გადაეცათ.
ღონისძიება პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია, შშმ პირების, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანებისთვის აქტიურ ცხოვრებაში დარჩენის მოტივაციის ამაღლება და სპორტის ამ სახეობის მეტი პოპულარიზაცია საზოგადოებაში.
პროექტის გენერალური სპონსორი „პლატფორმა ინიციატივა“, ხოლო სპონსორები „სოკარი“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახლავთ.
ყოველწლიურად, 500- ზე მეტი შშმ პირი, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და ვეტერანი მონაწილეობს 30-მდე სპორტულ-კულტურულ ღონისძიებაში, რაც ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.