სამსახურის წარმომადგენლებმა უკრაინაში დაღუპული არჩილ დევრისაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, სამსახურის წარმომადგენლებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის, არჩილ დევრისაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ქართველი მებრძოლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, 27 ივლისს გავრცელდა. ის ბახმუტთან საჰაერო თავდასხმას შეეწირა.
არჩილ დევრისაშვილი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე იყო. იგი მე-4 მექანიზებული ბრიგადის რიგებში იბრძოდა. უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომარი, სამშობლოში, 3 აგვისტოს ჩამოასვენეს; თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, არჩილ დევრისაშვილის ცხედრის ჩამოსვენებას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაესწრო და მის ხსოვნას პატივი მიაგო; არჩილ დევრისაშვილს, 5 აგვისტოს, კოჯრის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ქართველი მოხალისეებიც იბრძვიან.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომს, 48 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.