კობა კობალაძემ აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 3 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ამირიძემ, შიდა ქართლის სამმართველოს უფროსმა, ზვიად საბაშვილმა, სატანკო ნაწილის ყოფილმა მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მამუკა გორგიაშვილმა, 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების _გიორგი რომელაშვილის, ოთარ სუხიტაშვილისა და ზაზა ბირთველიშვილის დედებს დღესასწაული მიულოცეს. მათ, აგვისტოს ომის გმირების დედებს, დღეგრძელობა და მხნეობა უსურვეს.

‘’ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცნია ღმერთადა!.. პატივი მივაგეთ, ყველა გმირულად დაღუპული ბიჭის ხსოვნას, იმიტომ რომ მათ, უკვდავებაზე და მათი გმირობის მაგალითზე დგას ჩვენი ქვეყნის სიძლიერე და თავისუფლებისადმი ლტოლვა. დღევანდელი დღე, არის საკმაოდ მძიმე, დატვირთული, ემოციური, დღეს არის დედის დღე და კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და საქართველოში დედებს მივულოცო ეს დიდი დღე. განსაკუთრებით იმ დედებს, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში უკვდავყვეს თავიანთი შვილების სახელები. დიდი მადლობა მათ ამისთვის. ღმერთია მოწამე, რომ არ დავიშურებთ მოქმედებას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი ძლიერი და ამ ბიჭების მსხვერპლი და თავგანწირვა უკვალოდ არ დაიკარგოს,”-განაცხადა კობა კობალაძემ.

2008 წლის 9 აგვისტოს, ქალაქ ცხინვალში, მოსკოვის ქუჩაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები_ ლეიტენანტი გიორგი, რომელაშვილი, კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი და კაპრალი ზაზა ბირთველიშვილი, ნომერ 406-ე ტანკით იღებდნენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში. ნიქოზისა და თამარაშენის გავლით, ცხინვალისკენ დაძრულ სატანკო კოლონას, N 406 ტანკი, მიუძღოდა წინ; მოწინააღმდეგე მხრიდან თავდასხმის შემდეგ, 406-ე ტანკის ეკიპაჟის წევრები გაუჩინარდნენ. საომარი მოქმედებების დასრულების შემდგომ, მათი ცხედრები ვერ იპოვეს; ისინი, დღემდე, უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.

ამავე კოლონაში, ცხინვალისკენ მიიწევდა მეორე ტანკიც, რომლის ეკიპაჟის წევრიც, გიორგი რომელაშვილის ძმა_კაპრალი გელა რომელაშვილი გახლდათ. გელაც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე; მისი ცხედრის პოვნა და იდენტიფიცირება, ომის შემდეგ, მოხერხდა. გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში, აგვისტოს ომის გმირების_ ძმები რომელაშვილების სახელობის სკვერი გაიხსნა.

აგვისტოს ომში იბრძოდა ზაზა ბირთველიშვილის ძმაც_ვასილი, რომელიც, საბედნიეროდ, გადარჩა.

406-ე ტანკის ეკიპაჟის მეთაური, ლეიტენანტი გიორგი რომელაშვილი, მსროლელი, კაპრალი ზაზა ბირთველიშვილი და მძღოლ-მექანიკოსი, კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი, დაჯილდოვდნენ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენებით.

2022 წელს, მის მშობლიურ სოფელ კარალეთში, ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი და სკვერი მოეწყო; ოთარ სუხიტაშვილის სახელი მიენიჭა კარალეთის საჯარო სკოლასაც; გორის მე-7-ე საჯაროს სკოლა, სადაც კაპრალი ზაზა ბირთველიშვილი სწავლობდა, 2022 წლიდან, აგვისტოს ომის გმირის სახელს ატარებს.