ლანჩხუთში გაიმართა ჯამბულათ ხოფერიას მემორიალური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 23 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ქალაქ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით,ლანჩხუთის სპორტული ცენტრის საჭიდაო დარბაზში, გაიმართა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის.

 ასპარეზობაში ოზურგეთის,ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მკვიდრი 100 -მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. საპრიზო ადგილების მფლობელებს,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული პრიზები სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსმა,გელა ბაქანიძემ,სამსახურის წარმომადგენელმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ელგუჯა ჩხაიძემ,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა,ალექსანდრე სარიშვილმა,მერის მოადგილემ,ეკატერინე გუჯაბიძემ, სამხედრო აღრიცხვის,გაწვევისა და რეკრუტირების სამსახურის ლანჩხუთის განყოფილების უფროსმა, მაიორმა რევაზ კილაძემ გადასცეს. ტურნირს ესწრებოდნენ ჯამბულათ ხოფერიას ოჯახის წევრები და თანამებრძოლები.

ჯამბულათ ხოფერია,1966 წლის 22 მარტს,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში დაიბადა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის მეომარი, ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლაში, 1993 წელს,ტყვარჩელთან დაიღუპა. იგი სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.

ჯამბულათ ხოფერიას სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის,2019 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება.

აღსანიშნავია, რომ ჯამბულათ ხოფერიას ძმის შვილი, უმცროსი ჯამბულათ ხოფერია, 2022 წლის 1 დეკემბერს უკრაინაში, ბახმუტთან,რუსულ საოკუპაციო ძალებთან ბრძოლის დროს დაიღუპა.