კობა კობალაძე ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, მთავრობის წევრებთან, მოადგილეებთან და ვეტერანებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო, ოჯახებს მიუსამძიმრა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 23 იდენტიფიცირებული პირის, მათ შორის 21 სამხედრო პირისა და 2 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტები ოჯახებს დაუბრუნდა. 17 მეომრის ნეშტი, დღეს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს, 4 მებრძოლის ნეშტი კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე.
2023 წელს, 55-ზე მეტი ადამიანის ნეშტი იქნა ამოცნობილი, რომლებიც ოჯახებს გადაეცა. ეს შესაძლებელი გახდა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე ICRC-ის (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის) მხარდაჭერითა და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით მომუშავე, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. ეს ნეშტები აფხაზეთში სხვადასხვა ლოკაციაზე იქნა მოძიებული.
2010 წელს, საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, სულ, მოძიებულია და ოჯახებს გადაეცა 273 ადამიანის ნეშტი. 1992-1993 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, დღეისათვის, ჯერაც დაკარგულად ითვლება 1870 სამხედრო და სამოქალაქო პირი, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადასაცემად, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.