9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

Posted by nona shamatava

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი ანტი-საბჭოთა, მშვიდობიანი, საპროტესტო დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც, 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესწილად, ქალები დაიღუპნენ; დაღუპულთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც_მათგან ყველაზე უმცროსი, ეკა ბეჟანიშვილი, მხოლოდ 15 წლის იყო.

9 აპრილის დარბევის შედეგად, 4 ათასზე მეტმა დემონსტრანტმა, სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღო; დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით კი _ 2000-მდე მოქალაქე მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს, ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. მას შემდეგ, საქართველოს უახლეს ისტორიაში, 9 აპრილი, ეროვნული ტრაგედიისა და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება.