კობა კობალაძე ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა კომისიის წევრებს და სხვადასხვა ბატალიონის სამეთაურო რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამდგენი კომისიის წევრებს და სხვადასხვა ბატალიონის სამეთაურო რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა,ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და იმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომლებიც კომისიის მუშაობას და სტატუსის დადგენის პროცედურებს უფრო ეფექტიანს გახდის.

კობა კობალაძე, ასევე, შეხვდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრებს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პირველი პრეზიდენტის დაცვის წევრებისთვის, მათ მიერ განვლილი სახელმწიფო სამსახურის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიებისა და სხვადასხვა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით სარგებლობის ხელშეწყობა. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ვეტერანის სტატუსის მინიჭების საკითხი იმ პირთათვის, რომლებიც დღემდე არ ფლობენ ამ სტატუსს. სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ, პირველი პრეზიდენტის დაცვის წევრებს ამ საკითხების გადაჭრაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ინფორმაციისთვის, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის განახლებული შემადგენლობა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის N342 დადგენილებით დამტკიცებული ‘’საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების’’ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი’’ და „პ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად.