გომბორის მოსამზადებელ ცენტრში მოხალისეთა ორგანიზაციის წევრების შეკრება გაიმართა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის მოსამზადებელ ცენტრში, გაიმართა მოხალისეთა ორგანიზაციის_ ა(ა)იპ ‘’ახალგაზრდები და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ წევრების შეკრება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ- მაიორი კობა კობალაძე, მოადგილეებთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები_გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე, მისი მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები. მოწვეულ სტუმართა შორის, გახლდათ მოხალისეთა ორგანიზაციის_ ა(ა)იპ ‘’ახალგაზრდები და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’წევრი, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, დავით ლეშკაშელი, უნივერსიტეტის მოხალისეობის მსურველ სტუდენტებთან ერთად; ასევე, სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს კობა კობალაძემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, მოხალისეთა ორგანიზაციის_ა(ა) იპ ‘’ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ დირექტორმა, მალხაზ ქარაზანიშვილმა და დავით ლეშკაშელმა. გამომსვლელებმა, პროექტისა და, საერთოდ, მოხალისეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს; ხაზი გაუსვეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების გზაზე, ახალგაზრდა თაობის ჩართულობას და ორგანიზაციას წარმატებები უსურვეს.

მოხალისეთა ორგანიზაცია- ა(ა) იპ ‘’ახალგაზრდები და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ მიმდინარე წელს დაარსდა და დამფუძნებლები გახლავთ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და ‘’საქართველოს გენერალთა კლუბი;’’ რეკრუტირების პროგრამა, რომელიც წელს განხორციელდა, გახლდათ საპილოტე, რომელმაც მოიცვა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია და ქვემო ქართლის რეგიონი; 2024 წლიდან, კი, პროგრამა, მთელ საქართველოს მოიცავს.