კობა კობალაძემ „OttoBock”-ის რეგიონულ მენეჯერს და შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორს უმასპინძლა

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, მსოფლიოში ლიდერი, გერმანული საპროთეზო ცენტრის „OttoBock”-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ მენეჯერს, ანატოლი ტირიკს და შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორს, თეა ერისთავს უმასპინძლა.

სამსახურის დირექტორმა, სტუმრებს, მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შშმ ვეტერანების მხარდაჭერის, თანადგომისა და თანამშრომლობისთვის.

შეხვედრაზე, მხარეებმა, სამმხრივი მემორანდუმის განახლების შესახებ ისაუბრეს და, ასევე, იმ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს შშმ ვეტერანების საზოგადოებასა და გარემოსთან ინტეგრაციასა და ადაპტაციას.

სამმხრივი მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, საპროთეზო ცენტრ „OttoBock”-სა და შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს შორის, 2015 წელს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების საპროთეზო ორთოპედიული საშუალებები 53 ვეტერანს დაუმზადდა, 150 ვეტერანი კი, საპროთეზო ორთოპედიულ მომსახურებას,  რეგულარულად იღებს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი.

სამმხრივი მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, საპროთეზო ცენტრ „OttoBock”-სა და შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს შორის, უახლოეს მომავალში განახლდება.