დღეს ქართული არტილერიის დღე აღინიშნება
🔸დღეს ქართული არტილერიის
დღეს აღნიშნავენ.
ქართველმა არტილერისტებმა, საკუთარი პროფესიონალიზმი, სამშობლოსთვის თავდადება, არა
ერთხელ დაამტკიცეს. არტილერიის დღის 15 მარტს აღნიშვნის ტრადიციაც, სწორედ, ამ თავგანწირული
ბრძოლების ნაწილია და საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან ფურცელს უკავშირდება.
🔸საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში
მიმდინარე ომის დროს, 1993 წლის მარტში, მოწინააღმდეგემ ინტენსიური საარტილერიო სროლებით
დაარღვია მოქმედი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. 15 მარტს, ღამით, რუსეთის
რეგულარული არმიის ნაწილებმა, აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა, კაზაკებმა და
ჩრდილო-კავკასიელმა კონფედერატებმა, მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კილომეტრიან
ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს.
🔸მაშინ, როდესაც მოწინაამდეგის შეიარაღებული ფორმირებები,
მოჭარბებული ძალებით ახორციელებდნენ ხმელეთიდან შეტევას, ცდილობდნენ დესანტის გადმოსხმას
და სოხუმს რუსეთის ავიაცია ბომბავდა, საქართველოს შეიარაღებული ძალების არტილერიამ
ქალაქის დაცვაში, გადამწყვეტი როლი შეასრულა.
🔸ცხარე ბრძოლები სამ დღეს გაგრძელდა. თავდაცვის
პირველი ხაზი რამდენიმე ადგილზე გარღვეული იქნა. როდესაც სოხუმში წინა ხაზზე, ალყაში
მოქცეული ცალკეული ჯგუფები ბრძოლას განაგრძობდნენ, მოწინააღმდეგის ზოგიერთი მოიერიშე
ჯგუფი აჩადარადან შემოვიდა და შუქურას დასახლებამდე შეაღწია. “მარტის შემოტევის”
მოგერიებაში განსაკუთრებული როლი არტილერიამ შეასრულა. მდინარე გუმისთის მარჯვენა ნაპირზე
მოქმედებით, 16 მარტს მიმდინარე ბრძოლაში, მან გარდატეხა შეიტანა: არტილერისტებმა,
მოიერიშე ჯგუფების ზურგს უკან, გადამღობავი ცეცხლი გახსნეს, თავდამსხმელების მეორე
ეშელონი ავანგარდს მოსწყვიტეს, რითაც ჩვენს მებრძოლებს თავდაცვის ხაზის აღდგენაში დაეხმარნენ.
🔸სოხუმზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის
მოგერიების დროს, აფხაზური მხრიდან 400 მებრძოლი დაიღუპა, 1000-მდე დაიჭრა. ქართული
შენაერთების დანაკარგი კი_ 190 მეომარი იყო.
🔸ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური დღევანდელ
დღეს ულოცავს არტილერისტებს, საქართველოსთვის მებრძოლ ყველა ჯარისკაცს, ოფიცერს და
ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს!
მარადიული ხსოვნა ბრძოლის ველზე დაცემულ სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცებს!
დიდება გმირებს!