ნაძალადევში ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელობის სკვერი გაიხსნა
დღეს, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს, აფხაზეთის ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების, ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელი მიენიჭა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, პირველი მოადგილე,ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები_ მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები, დაღუპულთა ოჯახის წევრები, მათი თანამებრძოლები და ვეტერანები.
ვასიკო და ნუკრი წიკლაურები 1993 წლის 22 სექტემბერს, სოხუმში, ბაბუშერას ტრაგედიის დროს, დისშვილებთან – თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილებთან ერთად დაიღუპნენ.
1993 წელს 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, სამხედრო შენაერთ “მხედრიონის” წევრები, მოხალისეები, ექთნები და სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, რუსული სამხედრო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მფრინავმა შეძლო, ცეცხლში გახვეული თვითმფრინავი სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტში დაესვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ავიალაინერში მყოფთაგან, მხოლოდ 24 მგზავრი გადარჩა, 108 კი _ დაიღუპა. მათი ცხედრები აეროპორტთან ახლოს დაკრძალეს.
2010 წელს, წითელი ჯვრის ეგიდით, შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომში, უგზო -უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა, ცხედრების იდენტიფიცირება და გადმოსვენება. მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად იყო ჩართული ვასიკო და ნუკრი წიკლაურების და, ბელა ზალდასტანიშვილიც, რომელმაც საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ ინფორმაციის მოძიების, გავრცელებისა და მათი სახელების უკვდავყოფის მიზნით, ფონდი ,,მოლოდინი” ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა.
ვასიკო და ნუკრი წიკლაურები, თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები აფხაზეთიდან 2014 წელს ჩამოასვენეს და დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დიდება გმირებს!