დღეს, საქართველოს ეროვნული გმირი გენო ადამია 85 წლის გახდებოდა
დღეს, საქართველოს ეროვნული გმირი გენო ადამია 85 წლის გახდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და მისმა მოადგილემ ჯანდრი უბირიამ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე, გენო ადამიას საფლავი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
„დღეს, ეროვნული გმირის, გენო ადამიას ხსოვნას მივაგეთ პატივი.როცა ამ შეუდრეკელ, თავგანწირულ მებრძოლს, სამშობლოზე, საკუთარ ქალაქზე უზომოდ შეყვარებულ კაცს იხსენებ, გული სიამაყით გევსება ადამიანს_არ შეიძლება პატარა ეწოდოს ერს, რომლის ისტორიასაც ასეთი სამაგალითო კაცები, ნამდვილი გმირები ქმნიდნენ.. მათი სამშობლოსთვის დაღვრილი სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის! ამიტომაც გვაქვს ნათელი მომავლის, ჩვენი ქვეყნის გაერთიანების მოლოდინი!“- განაცხადა კობა კობალაძემ.
გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც ის თანამებრძოლებთან ერთად ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.
2020 წლის 22 სექტემბერს გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ის დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და 1994 წელს, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.