რაჭაში, ვეტერანებისთვის, უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
მიმდინარე წლის 17 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ონის საავადმყოფოში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს.
კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაეწია არა მხოლოდ სამსახურის ბენეფიციარებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც. განხორციელდა 200-მდე სამედიცინო ვიზიტი.
აქციის მიმდინარეობას, ადგილზე დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო- ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩიკვაიძე, მერის მოადგილე, ეკა მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, შუქურა ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზვიად მხეიძე.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართებოდა. მემორანდუმის გაფორმებიდან დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 109 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 10 290 ბენეფიციარს.
მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.