ფაშიზმზე გამარჯვებიდან 76 წელი
9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება.
მეორე მსოფლიო ომი, ფაშისტურ გერმანიას, მის მოკავშირეებსა და დანარჩენ სამყაროს შორის, 1939 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა და დაახლოებით 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან, 20 მილიონი _ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ომში, 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%) მონაწილეობდა, ბრძოლები კი _ 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. მეორე მსოფლიო ომი, ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი.
ფაშისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომი, 1941 წლის 21 ივნისს დაიწყო. საქართველოდან, ამ ომში, 700 000 – მდე ჯარისკაცი და მოხალისე იმყოფებოდა, 300 000-ზე მეტი კი, ფრონტიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდა; მათ შორის, ბევრია უგზო-უკვლოდ დაკარგულიც; ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, საქართველომ, პროცენტულად, ფაშიზმის დასამარცხებლად, ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო; ყველაზე მეტი – 120 ათასი ქართველი, ქერჩის ბრძოლებში დაიღუპა.
მეორე მსოფლიო ომი, 1945 წლის 8 მაისს დასრულდა. მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს. საომარი მდგომარეობა, ევროპაში, 1945 წლის 8 მაისს (მოსკოვის დროით 9 მაისს) ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში – 1945 წლის 2 სექტემბერს, იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 აპრილის N 688 განკარგულების თანახმად, ფაშიზმზე გამარჯვების 76 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანები, ფულადი, სოციალური დახმარების სახით, 1000 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ( მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის მეუღლე და ბავშვობიდან შშმ შვილი, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი )_ 500 ლარს. ვეტერანები, საქართველოს პრეზიდენტისგან, სპეციალურ სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებენ. მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მიულოცავენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიც, მათთვის გამოყოფილი სხვადასხვა სახის სასაჩუქრე პაკეტებით.
ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, წელს, 9 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლები, ვეტერანები, ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკში) შეიკრიბებიან, მელიტონ ქანთარიას ბიუსტს ყვავილებით შეამკობენ, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ და მხცოვან ვეტერანებს გამარჯვების დღეს მიულოცავენ.
უახლესი მონაცემებით, დღეს, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 264 მონაწილეა დარჩენილი, რომელთა უმრავლესობის ასაკიც, საუკუნეს ითვლის.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური დღევანდელ დღეს ულოცავს მეორე მსოფლიო ომის მხცოვან ვეტერანებს, მადლიერებას გამოხატავს ფაშიზმზე გამარჯვებაში მათი ღვაწლის წინაშე და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, მხნეობას უსურვებს!