ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ხაშურში ჩატარდა
მიმდინარე წლის 5 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს.
კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 91 ბენეფიციარს. განხორციელდა 400-მდე ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, ისარგებლეს არა მხოლოდ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა და მათმა ოჯახის წევრებმა, არამედ ადგილობრივმა მოსახლეობამაც.
აქციის მიმდინარეობას, ადგილზე დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი, ზვიად საბაშვილი, ხაშურის მერიის წარმომადგენლები.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართებოდა. მემორანდუმის გაფორმებიდან დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 113-ე საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 10 611 ბენეფიციარს.
მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.