საქველმოქმედო სამედიცინო აქცია დვანში
მიმდინარე წლის 12 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის, კლინიკა ‘’ვივამედის’’ ექიმებმა ( თერაპევტი, კარდიოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, უროლოგი, გასტროენტეროლოგი), ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მრავალპროფილური, უფასო გამოკვლევები ჩაატარეს. ბენეფიციარებს, ასევე, გაუკეთდათ კარდიოგრამა და ექოსკოპია.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, რომელშიც მონაწილეობას კლინიკის 12 ექიმი იღებდა, ისარგებლა 100-ზე მეტმა პირმა, განხორციელდა 400-მდე სამედიცინო ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა არა მხოლოდ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, არამედ სოფელ დვანისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასაც.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ვლადიმერ სულაქველიძე, მერის წარმომადგენელი დვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ კოპაძე.
ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და კლინიკა ‘’ვივამედს’’შორის, მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაფორმდა და მიზნად ისახავს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვასა და ამ მიზნით, ერთობლივი, საქველმოქმედო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.
მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.