კობა კობალაძე რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში გეგმიურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძე, წყალტუბოს და ხონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა.
სამსახურის დირექტორმა, შეხვედრები, ასევე, გამართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან, გრიგოლ იოსელიანთან და ხონის მერთან, ლადო ჯურხაძესთან. შეხვედრებზე, კობა კობალაძემ, დეტალურად ისაუბრა რეგიონში მცხოვრები ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, პრიორიტეტული პროგრამების შემუშავების და სამსახურის ბენეფიციართა ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფის შესახებ. საუბარი, შეეხო საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდასაც, აგრარულ სფეროში დასაქმებულ ვეტერანთა დახმარებასა და სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის პროგრამების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სტუმრებს, ის პროგრამები გააცნეს, რომლებითაც ვეტერანები კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში სარგებლობენ. დღევანდელი მონაცემებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია – 534 ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, ხოლო ხონის მუნიციპალიტეტში 427.
შეხვედრებს ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გელა ცინაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ალექსანდრე დადუნაშვილი, ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გერასიმე მჟავანაძე, ხონის საკრებულოს თავჯდომარე, ვალერი ბახტაძე, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარე, ჯუნგლი გოდერიძე.
სამსახურის დირექტორის გეგმიური შეხვედრები რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მიზნად ისახავს, სამსახურის ბენეფიციართა სოციალურ- ეკონომიკურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა უწყებების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას და უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.