კობა კობალაძე სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში გეგმიურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ მორიგი შეხვედრები გამართა სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ, ადიგენის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე, კობა კობალაძემ, ვეტერანებს ის პროექტები გააცნო, რომლებსაც სამსახური, მთავრობის ხელშეწყობით და სხვადასხვა უწყებებთან კოორდინირებული მუშაობით, რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს; საუბარი შეეხო იმ პრიორიტეტული პროგრამების შემუშავებას, რომლებიც ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს არსებული გამოწვევების დროულად დასაძლევად;
ვეტერანებმა, თავის მხრივ, ისაუბრეს მათთვის საჭირბოროტო ყველა საკითხზე_ 22 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდაზე, ბინადრობის, მიწის საკუთრების და სამედიცინო მომსახურების მხრივ ჯერ კიდევ გადასაწყვეტ პრობლემებზე.
ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლებმა, უწყების ხელმძღვანელს გააცნეს ის მუნიციპალური პროგრამები, რომლებიც რეგიონებში, სამსახურის ბენეფიციართა სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის ხორციელდება და უფრო მეტი თანადგომა აღუთქვეს.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ვეტერანებმა, მათთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღეს პასუხი. მათ, ასევე, ეცნობათ, რომ პრობლემურ საკითხებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გადაწყვეტილებით შექმნილი, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და მათი გადაჭრის გეგმას შეიმუშავებს.
შეხვედრებს ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩევლები ვლადიმერ იმნაძე და დავით თევზაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მისოიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, იურიკ უნანიანი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, არსენ ბალახიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი, ოთარ არბოლიშვილი.
სამსახურის დირექტორის გეგმიური შეხვედრები რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მიზნად ისახავს, სამსახურის ბენეფიციართა სოციალურ- ეკონომიკურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა უწყებების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას და უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.