დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას გარდაცვალების დღეა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას გარდაცვალების დღეა.
გმირის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, დღეს, მის მშობლიურ ოზურგეთში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ვეტერანებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმოადგენლებთან, საქართველოს დასავლეთის სარდლობის ჯარისკაცებთან და ზაზა დამენიას ოჯახის წევრებთან ერთად, ომში დაღუპულთა სახელობის პარკში, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
ზაზა დამენია 1972 წლის 22 ოქტომბერს, ოზურგეთში დაიბადა. სწავლობდა ყაზანის სამშენებლო ინსტიტუტში 1990-1992 წლებში. 2003 წელს დაუსწრებლად დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი სამრეწველო სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. 1992 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში; 1993 წელს იბრძოდა აფხაზეთის ომში. 1995 წელს იყო გურიის სამხარეო შს სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი.
2002 წლიდან, ზაზა დამენიამ, სამხედრო სამსახური, მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის, „კომანდოს“ რიგებში გააგრძელა.
2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად, „კომანდოს“ ბატალიონი, კონფლიქტის ზონაში, ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა. მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული დაპირისპირებების დროს, ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, რომელთა შორის იყო ზაზა დამენია. 2004 წლის 16 აგვისტოს, ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა. კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და სამი ჯარისკაცი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.
2004 წლის 26 აგვისტოს, ზაზა დამენიას, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის, ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
ზაზა დამენიას სახელს ატარებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლა და,ასევე, ერთ-ერთი ქუჩა ოზურგეთში.