ზაზა დამენია მშობლიურ ოზურგეთში გაიხსენეს
დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა. მას 49 წელი შეუსრულდებოდა.
სამშობლოსათვის თავდადებული ჯარისკაცი, დღეს, მის მშობლიურ ოზურგეთში გაიხსენეს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოსა და თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის წარმომადგენლებმა, ადგილობრივმა ვეტერანებმა, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში, ზაზა ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, ზაზა დამენიას ოჯახისნ წევრებმა, მეგობრებმა ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
ზაზა დამენია, 1992 წლიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. 1993 წელს აფხაზეთში იბრძოდა. 1995 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2002 წლიდან, ზაზა დამენიამ, სამხედრო სამსახური მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონი „კომანდოს“ რიგებში გააგრძელა.
2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად, „კომანდოს“ ბატალიონი, კონფლიქტის ზონაში, ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა. მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული დაპირისპირების დროს, 16 აგვისტოს, ზაზა დამენია, სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისაგან იხსნა.
დაღუპვამდე ორი დღით ადრე, დამენიას ჭურვის აფეთქების შედეგად, მხედველობა დაუქვეითდა, თუმცა, კაპრალმა უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე და თანამებრძოლების გვერდით, ბრძოლის ველზე ბოლომდე დარჩა.
მის ჩანაწერებში ვკითხულობთ: “ვიცი, გაჭირვების დროს შენიანს უნდა მიეშველო, გადაარჩინო, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად!” მან ეს სიტყვები რეალობად აქცია!
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
დიდება გმირებს!