ცვლილება მთავრობის ახალ დადგენილებაში
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გაცნობებთ, რომ უწყების ინიციატივით საქართველოს განათლების სამინისტროსთან აქტიური, უწყებათაშორისი თანამშრომლობის შედეგად, 2021 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს მთავრობამ მიიღო N 435 დადგენილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის, ‘’ე’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაფინანსებით უკვე ისარგებლებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (ე.წ. მეორე ჯგუფის შშმ ) ვეტერანები ან მათი შვილები.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ სოციალური პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განცხადებების მიღების ვადებმა გადაიწია 2021 წლის 18 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის 18 საათამდე. გასათვალისწინებელია, რომ განცხადებები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, პორტალზე http://socreg.mes.gov.ge
აღსანიშნავია, რომ არსებულ კანონში, რომლის თანახმადაც აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები, 2018 წელს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს განათლების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით და მთავრობის დადგენილებით შევიდა ცვლილება, რომლითაც შესაძლებელი გახდა, სახელმწიფო გრანტით ესარგებლათ 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილებს და, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ( ე.წ. პირველი ჯგუფის შშმ.) ვეტერანებს ან მათ შვილებს. მთავრობის ახალი დადგენილება, უწყებათაშორისი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია, რომელიც ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა წინაშე არსებული გამოწვევების ეტაპობრივად დაძლევას გულისხმობს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას, განათლების სამინისტროს სამსახურის ინიციატივის განხორციელებისა და ვეტერანთათვის გაწეული თანადგომისთვის და მომავალში კოორდინირებული თანამშრომლობის გაღრმავების იმედს გამოთქვამს.
განმეორებით გაცნობებთ, რომ სოციალური პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განცხადებების მიღების ვადებმა გადაიწია 2021 წლის 18 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის 18 საათამდე. გასათვალისწინებელია, რომ განცხადებები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, პორტალზე http://socreg.mes.gov.ge