მორიგი შეხვედრა სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან
მიმდინარე წლის 21 იანვარს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული და აგრარული სექტორის განვითარებით დაინტერესებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მხარდასაჭერ პროექტებსა და სპეციალურ პროგრამებზე მსჯელობა, საერთო ხედვის ჩამოყალიბება და თანადაფინანსების უზრუნველსაყოფად დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრა იყო.
მხარეებმა დეტალური სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს_ უპირველესი, რეგიონებში გასვლა, ვეტერან ფერმერთა საჭიროებების ადგილებზე გაცნობა, შეფასება, მათთვის უახლეს ტექნოლოგიებსა და სოფლის მეურნეობის დარგობრივ საკითხებზე სწორი ინფორმაციის მისაწოდებლად ინტელექტუალური მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ მიზნით, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ გამოყო კვალიფიციურ ტრენერთა ჯგუფი, რომელიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ვეტერანებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, უახლოეს მომავალში ჩაუტარებს ტრენინგებს.
დღევანდელი შეხვედრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სააგენტოს წარმომადგენელთა მონაწილეობით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრთა მონაწილეობით წარიმართა. სამუშაო ჯგუფის შექმნა მიმდინარე წლის 12 იანვარს გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა.
შეგახსენებთ, აგრარულ სექტორში დასაქმებული ვეტერანების მხარდასაჭერად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძესა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს შორის შეხვედრა გასული წლის 9 დეკემბერს გაიმართა, რომელზედაც, კობა კობალაძემ და სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსმა,ლელა კიკნაძემ დეტალურად ისაუბრეს ყველა იმ გამოწვევაზე, რომელთა დასაძლევადაც, სამინისტროსა და სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ლევან დავითაშვილმა, კობა კობალაძეს და ვეტერანებს თანადგომა აღუთქვა და სპეციალური პროგრამების შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფი გამოყო.