დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღეა
დღეს, საქართველოს ეროვნული გმირი გენო ადამია 86 წლის გახდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე, გენო ადამიას საფლავი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც ის თანამებრძოლებთან ერთად ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.
2020 წლის 22 სექტემბერს გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ის დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და 1994 წელს, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.