დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
დევნილისა და ეკომიგრანტის სტატუსის მქონე ვეტერანებს, შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა“-ში. პროგრამის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო და გაგრძელდება 6 მაისის ჩათვლით.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანი დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერაა. საგრანტო პროგრამა დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობა იმერეთის, გურიის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ. ჯამში, 15 პროექტი დაფინანსდება. პროგრამა, ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობას ითვალისწინებს, რაც მინიმუმ 600 ლარის ღირებულების ნივთების შეძენას გულისხმობს.
განაცხადები სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში, შემდეგ მისამართებზე მიიღება:
- ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;
- ქ. გორი, სამების ქუჩა N1;
- ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. N20;
- ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. N27.
განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov.ge“ .
პროგრამით დაინტერესებულ, დევნილის სტატუსის მქონე ვეტერანებს, საკონსულტაციო მომსახურებისა და განაცხადის შესავსებად, შეუძლიათ, მომართონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფს.