მცხეთაში ვეტერანებისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდა
მიმდინარე წლის 7 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კლინიკა “თბილისის გულის ცენტრის“ ექიმებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უფასო გამოკვლევები ჩაატარეს.
აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრამას და ექოკარდიოგრაფიას.)
კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია სამსახურის 29 ბენეფიციარს, განხორციელდა 87-მდე ვიზიტი.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი და რეგიონული მართვის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს წარმომადგენლები,დავით გოჩიტაშვილი და გოჩა ნაყეური.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და “თბილისის გულის ცენტრს” შორის, მიმდინარე წლის 15 თებერვალს გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზე, სამსახური და სამედიცინო ცენტრი შეთანხმდნენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე.
სხვადასხვა კლინიკებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, სამსახურის ბენეფიციარებს, წინასწარ მიეწოდებათ.