მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ალექსანდრა ჯულუხიძეს 100 წელი შეუსრულდა
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის მკვიდრი, ალექსანდრა ნეჟენეცი-ჯულუხიძე 100 წლის გახდა. იუბილარს, დაბადების დღე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამართველოს უფროსმა, გელა ცინაძემ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ალექსანდრა წარმოშობით უკრაინელია. მომავალი მეუღლე, გრიგოლ ჯულუხიძე უკრაინის ფრონტზე გაიცნო. 20 წლის ალექსანდრა ფრონტზე მედდად მუშაობდა. აქედან დაიწყო უკრაინელი გოგოსა და სამტრედიელი ვაჟის სიყვარულის ამბავი. ომის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ და ოთხი შვილი, ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი გაუჩნდათ. 60 წელი იცხოვრეს ერთად, ომის ჭრილობების მიუხედავად, სოფელ ჩხენიშში დაუღალავად ეწეოდნენ სოფლის მეურნეობას. უკრაინელ ქალბატონს, ომის თანამებრძოლი და თანამეცხედრე, რამდენიმე წლის წინ დაეღუპა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ ულოცავს ალექსანდრა ჯულუხიძეს 100 წლის იუბილეს, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს!