იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცრაზმელებს ვეტერანის სტატუსი მიენიჭათ
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, უწყებაში უმასპინძლა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, თორნიკე ჭეიშვილს, იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს, პოლკოვნიკ დავით იაშვილს და იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის იმ წევრებს, რომლებიც 2008 წლის საომარ მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას. მათ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, ომის ვეტერანის სტატუსი მიენიჭათ. ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობები, ვეტერანებს, კობა კობალაძემ და თორნიკე ჭეიშვილმა გადასცეს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ომის მონაწილის სტატუსის მისაღებად, პერმანენტულად მომართავდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დანაყოფის წევრები, 2008 წელს, საომარ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ, სამსახური, მათ, ომის მონაწილის სტატუსს ვერ ანიჭებდა, ვინაიდან ’’ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ’’კანონში არ არსებობდა შესაბამისი სამართლებრივი ნორმა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი კიდევ ერთი შემადგენლობის ღვაწლის დაფასებისთვის მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, რომელთა ძალისხმევითაც, ‘’ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ’’ კანონის მეცხრე მუხლის ‘’გ’’ ქვეპუნქტში განხორციელდა ცვლილება და დამატება;
აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, 2008 წლის საომარ მოქმედებებში მონაწილე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს 281-ე ბრძანებით, ომის მონაწილის სტატუსის მაძიებელი პირებისთვის განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მიენიჭათ ომის ვეტერანის სტატუსი.
‘’იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის დახმარებით, მოხდა წარდგენა საკანონმდებლო ცვლილებისა პარლამენტში, რაზეც, მე მინდა, ოპერატიულობისთვის პარლამენტსაც მადლობა გადავუხადო, ამ ბიჭებს, დღეს, აღუდგათ ის სახელი, რაც მათ ეკუთვნოდათ, რაც რეალურად დამსახურებულად ჰქონდათ,”_განაცხადა კობა კობალაძემ.