კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული ალუდა ზვიადაურის ხსოვნას პატივი მიაგო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომში გარდაცვლილი კიდევ ერთი ქართველის, ალუდა ზვიადაურის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
42 წლის ალუდა ზვიადაური, ოჯახის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად, უკრაინაში, 5 მარტს ჩავიდა. მიმდინარე წლის 18 ივნისს, სევეროდონეცკში, ლისიჩანსკთან, ოკუპანტის მიერ მისთვის ზურგში ნასროლ ტყვიას იმ დროს ემსხვერპლა, როცა ბრძოლის ველიდან, დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი გამოჰყავდა.
ალუდა ზვიადაური, უკრაინიდან საქართველოში, დღეს ჩამოასვენეს. ქაშუეთის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, მშობლიურ გომბორში გადაასვენებენ და 28 ივნისს, სოფელ ვერონაში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.