სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს-ტამიშის ბრძოლიდან 29 წელი გავიდა
დღეს, ტამიშის ბრძოლიდან 29-ე წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. კობა კობალაძესთან ერთად, სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით ჭიჭინაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ჯონი ტატუნაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, პარლამენტის წევრებმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის მთავრობისა და ‘’აფხაზეთის მეომართა კავშირის’’ წარმომადგენლებმა.
მოგვიანებით, კობა კობალაძე, ბატალიონ’’შავნაბადას’’ მებრძოლებთან და ვეტერანებთან ერთად, შავნაბადას წმინდა გიორგის ტაძარში ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.
1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, მოწინააღმდეგე მხარემ, რუსეთის სამხედრო ხომალდით, 600 კაცის შემადგენლობით საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას, პირველი დარტყმა, ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, აფხაზური ფორმირებები და ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატებიც გააქტიურდნენ. მტერმა, ქართული შენაერთების ნაწილს, ჩრდილოეთიდან _ ტყვარჩელის მიმართულებიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს ”შავნაბადას”, ”ავაზას” და დუშეთის ბატალიონებმა. ბრძოლაში ჩაერთო იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული ყველა ქართული, საბრძოლო შენაერთი; ქართულმა მხარემ, რამდენიმედღიანი, თავგანწირული ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. ქართულ შენაერთებზე დიდი ზარალი მიადგათ რუსულ-აფხაზურ-ჩრდილო-კავკასიურ დაჯგუფებებს.
ქართული საჯარისო ფორმირებების ერთიანი ძალისხმევის შედეგად, 10-11 ივლისს, ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში, რუსული დესანტის გადმოსხმა, სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ, ეს გეგმა, რამდენიმე თვით გადაწია.
ტამიშის ბრძოლა_ აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.
დიდება გმირებს!