გიორგეთში ჯიმი მაისურაძის სახელობის დღესასწაული გაიმართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს წარმომადგენლები და ვეტერანები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, სოფელ გიორგეთში იმყოფებოდნენ, სადაც ტრადიციული დღესასწაული ‘’ჯიმშერობა’’ აღინიშნებოდა, რომელიც გმირი ქართველი სამხედრო მფრინავის, ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძის ხსოვნას მიეძღვნა.
სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად, სახელოვანი მფრინავის საფლავი და მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ლაგოდეხში, ჯიმი მაისურაძის სახელობის მუზეუმის გახსნასაც დაესწრო.
პოლკოვნიკი ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე 1949 წლის 3 თებერვალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში დაიბადა. ავღანეთის ომის მონაწილე, უშიშარი მფრინავი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იბრძოდა. მისი ვერტმფრენის ჩამოგდებისთვის, აფხაზ სეპარატისტებს და რუსებს, რომლებიც მას ‘’შავ პოლკოვნიკს’’, უწოდბედნენ, ჯილდოდ, ათასობით მანეთი ჰქონდათ დაწესებული. 1992 წლის 26 დეკემბერს, ქართველი მფრინავის საბრძოლო ვერტმფრენი „МИ-24“ მდინარე კოდორის ხეობაში პატრულირებდა, როცა აფხაზების კონტროლირებადი ტერიტორიიდან საარტილერიო ქვემეხის ხმა გაისმა; ჯიმი მაისურაძის ვერტმფრენი, ლესელიძესა და ვლადიმირის ტერიტორიაზე განთავსებულ სასაფლაოსთან ჩამოვარდა, საიდანაც მეომრებმა პილოტი გადმოიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
გმირი მფრინავის საფლავზე, დღემდე დგას ერთ-ერთი საბრძოლო ვერტმფრენი, რომელიც მეგობარმა მის საფლავზე დასვა.
ჯიმი მაისურაძის სამი ვაჟიდან ორი, გმირი მამის კვალს გაჰყვა _ დღეს ისინი უკვე პროფესიონალი მფრინავები არიან.
ლეგენდარული ქართველი მფრინავი ჯიმი მაისურაძე, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
დიდება გმირებს!