აფხაზეთში ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 30 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა , მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩველმა ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში,1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის, ქართული სამხედრო ფორმირებები ებრძოდნენ აფხაზ სეპარატისტებს, ჩრდილო- კავკასიელ კონფედერატებს, კაზაკებს, ადგილობრივი სომხებისგან შექმნილ’’ბაგრამიანის ბატალიონს’’, რომელთაც მხარს უჭერდა რუსეთი. უთანასწორო ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
ომის შედეგად, საქართველოს 300 ათასამდე მოქალაქე, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა, ეთნიკურად ქართველი იყო, დევნილად იქცა; საომარ მოქმედებებში, 5000-მდე სამხედრო მოსამსახურე და გასამხედროებული შენაერთების მებრძოლები დაიღუპნენ, დაახლოებით ამდენივე დაეღუპათ აფხაზებსაც იმათგან, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა. მაგრამ დაღუპულთა რაოდენობა, ქართველი ეროვნების მშვიდობიან მოქალაქეებს შორის, ორჯერ მეტია, რაც სეპარატისტებისა და მათი მოკავშირეების მიერ, ეთნიკურად ქართველთა მასობრივად დახვრეტის შედეგია. ომის შედეგად, ასეულობით პირი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა, 10 ათასამდე კი დაიჭრა და დასახიჩრდა;