დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა
30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაკარგულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ უთანაგრძნო იმ მწუხარების გამო, რაც ოჯახის წევრის და ახლობის უგზო-უკვლოდ დაკარგვას ახლავს.
კობა კობალაძე, ასევე, დაესწრო ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც მემორიალთან სახელმწიფო მინისტრის აპარატის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა, ქ. თბილისის მერიის ფონდი “მოლოდინისა” და ოჯახური კომიტეტების წევრების ორგანიზებით და მონაწილეობით ჩატარდა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე 1981 წელს, კოსტა რიკაში, ლათინურ ამერიკაში დაარსდა. საქართველოში კი ამ დღეს ოფიციალურად, 2003 წლიდან აღნიშნავენ.
საქართველოში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, 2345 სამხედრო და სამოქალაქო პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა; მათი ოჯახები, ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო, გაურკვეველ ვითარებაში, მრავალი წლის მანძილზე იმყოფებიან.
2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი_ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე – 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, 589 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 211 ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი, მუშაობას, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.