ხულოელი ვეტერანებისთვის ჩაფიძის გულის ცენტრმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარა
მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 132-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).
საქველმოქმედო სამედიცინო აქციით ისარგებლა სამსახურის 72-მა ბენეფიციარმა; აქციის ფარგლებში, ჩაფიძის გულის ცენტრის მედიკოსებმა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაუწიეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200-მდე პირს. აღსანიშნავია, რომ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებთან ერთად, სამედიცინო აქციით ისარგებლა ადგილობრივმა მოსახლეობამაც.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური და რეგიონული მართვის დეპარტამენტების თანამშრომლები.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.
მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. მემორანდუმის გაფორმებიდან, დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 132 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 12 074 ბენეფიციარს.
მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.