მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი შალვა სიჭინავა 101 წლის გახდა
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, შალვა სიჭინავას 101 წელი შეუსრულდა.
იუბილარს, დაბადების დღე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
შალვა სიჭინავა ზუგდიდში დაიბადა. საშუალო სკოლისა და მუსიკალური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, 1939 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1941 წლის 22 ივნისს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, შალვა სიჭინავამ სწავლა შეწყვიტა და ომში წავიდა, ფრონტის წინა ხაზზე. იბრძოდა ყირიმში, ქ.ფეოდოსიაში, ქერჩში; იყო კავკასიის დამცველთა შენაერთებში.
1960 წლიდან 1987 წლამდე მუშაობდა ქ. ზუგდიდის N 1 სამუსიკო სკოლის დირექტორად.
ბატონი შალვა დაჯილდოებულია დიდი სამამულო ომის II ხარისხის ორდენით, ხოლო 2007 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, მიენიჭა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს შალვა სიჭინავას 101 წლის იუბილეს, დღეგრძელობას, მხნეობას და ჯანმრთელობას უსურვებს.