ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკასთან მემორანდუმი გაფორმდა
მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა -საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო თანხმდებიან, მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა მხედველობის პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათ გადაჭრასთან დაკავშირებით; კერძოდ, კლინიკა გამოთქვამს მზადყოფნას, უზრუნველყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ კლინიკაში გაგზავნილ ვეტერანთა უფასო პირველადი ოფთალმოლოგიური კვლევები_ მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა (ვიზომეტრია), სათვალის შერჩევა, თვალშიდა წნევის გაზომვა (ტონომეტრია), ნაპრალოვანი სანათით დიაგნოსტიკა (ბიომიკროსკოპია), თვალის ფსკერის დათვალიერება და დიაგნოსტიკა, ოფთალმოლოგის კონსულტაცია და მკურნალობის დანიშვნა, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, სისხლში გლიკემიის განსაზღვრა. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანთა ოჯახის წევრების მომსახურებას, კლინიკა განახორციელებს 50%-ანი ფასდაკლებით.
მემორანდუმის პირობების თანახმად, ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინკა-საქართველოში პაციენტთა მიღება იწარმოებს კლინიკის საკონტაქტო ტელეფონის მეშვეობით წინასწარი ჩაწერის საფუძველზე.
მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და ა(ა)იპ ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, ნინო კარანაძემ მოაწერეს.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 1 წლის განმავლობაში;