რუსთავში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა განახლებული მემორიალი გაიხსნა
მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, ქალაქ რუსთავში, დამოუკიდებლობის სკვერი და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა განახლებული მემორიალი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას დაესწრნენ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, თავდაცვის ძალების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სივრცე, რომელსაც რუსთაველები დიდების ხეივნის სახელით იცნობდნენ, მთლიანად რეაბილიტირებულია. აღდგენილია სკვერში არსებული, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის სხვადასხვა დროს დაღუპულ გმირთა ყველა მემორიალი. გმირთა მემორიალების ხეივანი, ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის და სამხედრო ორკესტრის თანხლებით გაიხსნა. დამოუკიდებლობის სკვერი, 26 მაისის ახალი მონუმენტით იწყება. 9 ათას კვ/მ ფართობზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა, მეორე მსოფლიო ომში, ასევე, სამშვიდობო მისიებში გარდაცვლილ ჯარისკაცებისა და 9 აპრილის მემორიალებია განთავსებული.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა 13 სვეტისგან შემდგარი მონუმენტი, რომელიც ღამის საათებში, სინათლის 13 სვეტს ქმნის, რუსთაველი არქიტექტორის, კობა ძლიერიშვილის ნამუშევარია, სამშვიდობო მისიებსა და 9 აპრილის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ გმირთა მემორიალების ავტორი, კი, ასევე, რუსთაველი მოქანდაკე, ვალერი ჯიქიაა.
განახლებულ სკვერში გმირთა მემორიალების გარდა, საფეხმავლო და ველო-ბილიკი, მწვანე სივრცეები, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი. რეკრეაციული სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. პროექტი, რუსთავის მერიისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.