22 თებერვალი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი, 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომში მონაწილეობისა და დივერსიის მოწყობის გეგმის ბრალდებით, 2018 წლის 22 თებერვალს დააკავა, რის შემდეგაც ცხინვალის ციხეში, სასტიკი წამებით მოკლეს; თუმცა, სეპარატისტული რეჟიმი ამტკიცებდა, რომ არჩილის გარდაცვალების მიზეზი, გულის უკმარისობა იყო.
საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო მისიებთან ერთად, თითქმის 1 თვის განმავლობაში ცდილობდა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას, მაგრამ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, წინააღმდეგობას აწყდებოდა; დე-ფაქტო ხელისუფლება, მიზეზად, ექსპერტიზას ასახელებდა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, ოკუპირებული ტერიტორიიდან, გარდაცვალებიდან 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
არჩილ ტატუნაშვილი ახალგორიდან დევნილი იყო და მისი ოჯახი წილკანში ცხოვრობს.